kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

ქუთაისის წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის (სობოროს) დანგრევიდან 95-ე წლისთავზე, მისი სამართალმემკვიდრე და ადგილმონაცვლე ტაძარი ეკურთხა ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე.
ახლადაგებული ტაძარი, დღეს, 2019 წლის 17 იანვარს აკურთხა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით გვესაუბრება, ისტორიის დოქტორანტი, თეოლოგიისა და პოლიტოლოგიის მაგისტრი, ლაშა დეისაძე-შარვაშიძე: “ტაძარი, სობოროს მსგავსად არის წმიდა კეთილმსახური მეფის დავით აღმაშენებლის სახელობისა. აღსანიშნავია, რომ ახლადაგებული საყდარი ორსართულიანი ტიპისაა, რომლის პირველი სართული ეკურთხა საქართველოს გამაერთიანებელი მეფის, წმიდა ბაგრატ მესამის სახელობაზე. სიმბოლურია ეს გარემოებაც, რამეთუ, როგორც ბაგრატ მესამის მიერ გაერთიანებულ საქართველოზე დააფუძნა თავისი სამეფო ძლიერება და მმართველობა დავით აღმაშენებლმა და განავრცო საქართველო “ნიკოფსიითგან დარუბანდამდის, ოვსეთიდგან არაგაწამდის”, სწორედ, ამგვარია განლაგება ახლადაგებული ტაძრისა: წმიდა მეფის ბაგრატ მესამის სახელობის საკურთხეველს ეფუძნება წმიდა მეფის დავით აღმაშენებლის სახელობის საკურთხეველი.
ტაძრის აგების იდეა ეკუთვნის ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტს კალისტრატეს, რომლის ლოცვა-კურთხევითა და დიდი ძალისხმევით აიგო იგი.

ქუთაისის საკათედრო ტაძარი (სობორო), რომელიც მდებარეობდა ქუთაისის ამჟამინდელი ცენტრალურ მოედნის ტერიტორიაზე, 1871 წელს აკურთხა იმერეთის ეპისკოპოსმა წმიდა გაბრიელმა (ქიქოძე), წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობაზე. 1920 წელს ტაძარი აკურთხეს წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობაზე. 1923 წლის 8 მარტს ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ ტაძარი დაარბია და დახურა, გუმბათიდან ჩამოხსნეს ჯვარი. 1924 წლის ზაფხულში ტაძარი მთლიანად დაანგრიეს. იმჟამად, ქუთაისის სამიტროპოლიტოს მწყსიდა ქუთათელი მიტროპოლიტი წმიდა ნაზარი (ლეჟავა), რომლის არაერთგზის თხოვნა, რომ ტაძარი არ დაენგრიათ, ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ არ შეისმინა.

“ქუთაისის საკათედრო ტაძარის დაკეტვამ ძაძებით შემოსა მორწმუნეები, ხოლო მისი დანგრევა უეჭველად სასოწარკვეთილებაში ჩააგდებს და სარწმუნოებრივ აღშფოთებას გამოიწვევს, არა თუ ქუთაისის მორწმუნეთა შორის, არამედ იმერეთის ნახევარ მილიონ მორწმუნეთა შორის”, – წერდა თავის მიმართვაში მიტროპოლიტი ნაზარი ბოლშევიკური ხელისუფლებისადმი, თუმცა ამაოდ…

ტაძარში დაკრძალულნი იყვნენ: იმერეთის ეპისკოპოსი ბესარიონი (დადიანი, +1900) და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, ავტოკეფალიის აღდგენის აქტის ავტორი, ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე, +1918). ისინი ტაძრის დანგრევისას არ გადაუსვენებიათ და დღესაც ქუთაისის ცენტრალურ მოედანზეა მათი საფლავები.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს გაეგზავნა წერილი და სათანადო ისტორიული აღწერილობა, ქუთათელი მიტროპოლიტის ანტონის წმიდანად შერაცხვის შესახებ, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის კალისტრატეს ხელმოწერით. საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის 2018 წლის 27 დეკემბრის სხდომის ოქმში ჩაიწერა: “კრებამ მოისმინა მოხსენება რუსთველი მიტროპოლიტის იოანესი (გამრეკელი), რომელიც ეხება ქუთათელი მიტროპოლიტის ანტონის (გიორგაძე) წმიდანად შერაცხვას.

კრებამ მოისმინა, იმსჯელა და განაჩინა: ქუთათელი მიტროპოლიტის ანტონის (გიორგაძე) ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მოწოდებული დოკუმენტაცია შეისწავლოს წმიდანთა კანონიზაციის კომისიამ და დასკვნები მოახსენოს მომავალ სინოდის კრებას.” სიმბოლურია, რომ მიტროპოლიტ ანტონ ქუთათელის წმიდანად კანონიზირების საკითხის დაძვრა და სობოროს სამართალმემკვიდრე ტაძრის კურთხევა, დროში ერთმანეთს დაემთხვა (შემთხვევით არაფერი აღესრულება).

2001 წლის 8 თებერვალს, წმიდა კეთილმსახური მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, სობოროს ტაძრის ისტორიული ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ აკურთხა ადგილი ახალი ტაძრის აგებისათვის და აღიმართა ჯვარი. 2017 წლის 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, მიტროპოლიტმა კალისტრატემ აკურთხა საძირკველი და დაიწყო ორსართულიანი ტაძრის აგება. 2019 წლის 17 იანვარს კი, მიტროპოლიტმა კალისტრატემ აღასრულა ტაძრის კურთხევა (ენკენია).

აღსანიშნავია, რომ ტაძარი აიგო და იკურთხა, სობოროს ტაძრის დანგრევიდან 95-ე წელს, მიტროპოლიტ ნაზარის შემდგომ რიგით მეათე ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის კალისტრატეს მღვდელმთავრობისას.

დიდება და მადლობა ღმერთს, რომ მოგვასწრო ამ მამულიშვილური საქმის ჩვენს თვალწინ აღსრულებასა და განსრულებას.”