kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

რა არის ოტიტი?

ყური ანატომიურად და ფუნქციურად განსხვავებული სამი ნაწილისგან შედგება: გარეთა, შუა და შიგნითა ყური. ოტიტი ყურის ანთების ზოგადი სახელწოდებაა. ყველაზე გავრცელებულია შუა ყურის ანთება – შუა ოტიტი.

რა იწვევს შუა ყურის ანთებას?

შუა ყურის ანთების ყველაზე ხშირი გამომწვევია პნევმოკოკი. განვითარებულ ქვეყნებში გეგმურმა ვაქცინაციამ საგრძნობლად შეამცირა ბაქტერიული ოტიტების რიცხვი. საქართველოში პნევმოკოკის აცრა ეროვნულ კალენდარში 2015 წელს შეიტანეს. შუა ოტიტი შეიძლება სხვა მიკრობებმაც გამოიწვიოს – მაგ.: ოქროსფერი სტაფილოკოკი, გრამ-ნეგატიური მიკრობები.

შუა ყურის მწვავე ანთებას ხშირად ზედა სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული ინფექციები იწვევს. ვირუსული ოტიტების უმეტესობა რესპირატორულ-სინციტიური ვირუსით და რინოვირუსითაა გამოწვეული.

რა ფაქტორები უწყობს ხელს შუა ყურის ანთების განვითარებას?

შუა ოტიტის განვითარების რისკ-ფაქტორებია:

ორ წლამდე ასაკი;
მამრობითი სქესი;
ხელოვნური კვება;
პასიური მწეველობა – თამბაქოს ბოლის ზემოქმედება;
ხშირი კონტაქტი ბავშვებთან – საბავშვო ბაღში სიარული, დიდი ოჯახი;
სეზონი – ხშირია ზამთრის პერიოდში;
თანდაყოლილი ანომალიები – სასის დეფექტი, დაუნის სინდრომი და სხვ.
რა ნიშნებით ვლინდება შუა ოტიტი?

შუა ყურის ანთებისთვის დამახასიათებელია:

ყურის ტკივილი – ოტალგია. მცირე ასაკის ბავშვებს ტკივილის დროს ხელი ყურთან მიაქვთ, უარს ამბობენ საწოვარასა და ძუძუზე, ტირიან, რადგან წოვისას ტკივილი ძლიერდება. ტკივილი ასევე ძლიერდება ღამით, რადგან წოლისას ევსტაქის მილის ფუნქცია უფრო მეტად ირღვევა.
ყურიდან გამონადენი. გამონადენი დაფის აპკის მთლიანობის დარღვევაზე – პერფორაციაზე მიუთითებს. შუა ყურის ანთების დროს დაფის ღრუში დაგროვილი გამონაჟონი აწვება აპკს და ტკივილს აძლიერებს. აპკი ზოგჯერ თავისთავად სკდება (ამას პერფორაცია– გახვრეტა, მთლიანობის დარღვევა ეწოდება) და დაგროვილი სეკრეტი გარეთ გამოდის. ამ დროს ტკივილი სუსტდება და ტემპერატურაც იკლებს. გამოჯანმრთელებისას აპკი თავისთავად აღდგება და განაგრძობს ფუნქციობას.
თავის ტკივილი.
ყურების შუილი, თავბრუსხვევა.
სმენის დაქვეითება.
ზოგადი სიმპტომები: მაღალი: ცხელება, გულისრევა და ღებინება, გაღიზიანებადობა ან ძილიანობა.
ორ წლამდე ასაკის ბავშვებში სპეციფიკური ნიშნები ნაკლებადაა გამოხატული. უფრო ხშირია არასპეციფიკური სიმპტომები, როგორიცაა აღგზნებადობა, ცხელება, მადის დაქვეითება, რინიტი, კონიუნქტივიტი. ადრეული ასაკის ბავშვთა 90%-ს ოტიტის დროს აღინიშნება რინიტის სიმპტომებიც.

რატომ ემართებათ ბავშვებს შუა ყურის ანთება უფრო ხშირად, ვიდრე მოზრდილებს?

ამის მიზეზი ბავშვის შუა ყურის ანატომიური თავისებურებაა. შუა ყური ცხვირ-ხახას სპეციალური მილის – ე.წ ევსტაქის მილის – საშუალებით უკავშირდება. ამ მილის დანიშნულებაა დაფის ღრუს შინაგანი წნევის გარემოს წნევასთან გათანაბრება. მილის დახშობა ოტიტის უხშირესი მიზეზია. ბავშვის ევსტაქის მილი უფრო ვიწროა და ჰორიზონტალურად მდებარეობს, რის გამოც ადვილად ხდება მისის დახშობა და ინფექცია ცხვირ-ხახიდან ადვილად ვრცელდება შუა ყურის მიმართულებით.

როგორ ხდება შუა ოტიტის დიაგნოსტიკა?

შუა ყურის ანთებაზე ეწვის დროს აუცილებელია ოტოსკოპიის ჩატარება სპეციალური ხელსაწყოს – ოტოსკოპის საშუალებით. ამ დროს ხდება გარეთა სასმენ მილის და დაფის აპკის დათვალიერება.

ზოგჯერ შუა ყურის ანთების დასადასტურებლად შესაძლოა საჭირო გახდეს ტიმპანომეტრია – სპეციალური აპარატით ყურის გამოკვლევა.

თუ პაციენტს აღენიშნება სმენის დაქვეითება ტარდება სპეციალური კვლევა – აუდიომეტრია.

ამერიკის პედიატრიის აკადემიის 2013 წლის რეკომენდაციის მიხედვით შუა ყურის ანთების დიაგნოზისთვის აუცილებელია:

დაფის აპკის ზომიერი ან ძლიერი ამობურცვა (შეშუპება) ან ახლად დაწყებული გამონადენი ყურიდან, რომელიც არ არის გამოწვეული გარეთა ოტიტით
დაფის აპკის მსუბუქი ამობურცვა (შეშუპება) და ახალ დაწყებული (<48 სთ) ყურის ტკივილი ან დაფის აპკის ინტენსიური ჰიპერემია შუა ყურის ანთების დიაგნოზის დასმა არ ხდება თუ ბავშვს არ აღენიშნება გამონაჟონი შუა ყურში. როგორ უნდა ვუმკურნალოთ შუა ყურის ანთებას?

მიუხედავად მრავალი კვლევისა, ოტიტის მკურნალობის საერთაშორისო კონსენსუსი არ არსებობს და დღემდე მიდის დავა მკურნალობის მეთოდებსა თუ ხანგრძლივობაზე.

ყურის ტკივილის დროს რეკომენდებულია პარაცეტამოლის ან იბუპროფენის გამოყენება.
ტკივილის მოსახსნელად ასევე შესაძლებელია ლიდოკაინის, ბენზოკაინის შემცველი ყურის წვეთების გამოყენება. დაფის აპკის პერფორაციის- მთლიანობის დარღვევა დროს ყურის წვეთები არ გამოიყენება, ამ დროს ყურის წვეთებმა შესაძლოა თავბრუხვევა, ღებინება და სმენის ნერვის დაზიანებაც კი გამოიწვიოს.
შუა ყურის ანთების დროს გამოიყენება ანტიბიოტიკოთერაპია. სხვადასხვა ქვეყანაში მისი სხვადასხვა სქემაა მიღებული. ამერიკის პედიატრთა ასოციაციის რეკომენდაციის თანახმად:

6 თვემდე ასაკის ყველა ბავშვს თუნდაც საეჭვო შუა ოტიტით უნდა ჩაუტარდეს ანტიბიოტიკოთერაპია.
ექვსი თვიდან ორ წლამდე ასაკის ბავშვს ანტიბიოტიკი ინიშნება დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ. თუ დიაგნოზი დაუდგენელია და მდგომარეობა არ არის მძიმე, მიზანშეწონილია დაკვირვება. თუ დიაგნოზი არ არის დაზუსტებული მაგრამ მდგომარეობა მძიემა – ბავშვს აქვს მაღალი ცხელება >39, ძლიერი ყურის ტკივილი და გამოხატულია ინტოქსიკაცია, უნდა დაინიშნოს ანტიბიოტიკი.
ორ წელზე მეტი ასაკის ბავშვში თუ ანტიბიოტიკი უნდა დაინიშნოს, თუ დიაგნოზი ნათელია, ხოლო მდგომარეობა – მძიმე. თუ დიაგნოზი არ არის ნათელი ან ნათელია, მაგრამ მდგომარეობა არ არის მძიმე, მიზანშეწონილია დაკვირვება 72 საათის განმავლობაში და სიმპტომური მკურნალობა ტკივილგამაყუჩებლის გამოყენებით.
შუა ოტიტის მძიმე ფორმის ანტიბიოტიკოთერაპიის ხანგრძლივობა 10 დღეა.
პირველი რიგის არჩევის პრეპარატია ამოქსაცილინი. დოზა ბავშვის სხეულის მასის მიხედვით ირჩევა. თუ მდგომარეობა მძიმეა და მკურნალობის დაწყებიდან 72 საათში არ გაუმჯობესდა, რეკომენდებულია სხვა ანტიბიოტიკის გამოყენება.

როგორ ავიცილოთ თავიდან შუა ყურის ანთება?

ზოგადი რჩევები

მოვარიდოთ ბავშვი ვირუსულ ინფექციასთან კონტაქტს და თამბაქოს ბოლის ზემოქმედებას;
მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ძუძუთი კვებას.
სპეციფიური

ჩავუტაროთ ვაქცინაცია ეროვნული კალენდრის მიხედვით პნევმოკოკისა და ჰემოფილუს ინფლუენცას საწინააღმდეგოდ, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ოტიტის განვიტარების რისკს.