გორში, თეატრის შენობაში გორის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით, “დემოგრაფიული აღორძინების ფონდისა” და კულტურის სამინისტროს ინიციატივით ქართულ-ოსური შეხვედრა გაიმართა.
წინასაახალწლო შეხვედრაში ანსამბლი “რუსთავი” და ოსური ანსამბლი “ნართები” მონაწილეობდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, კულტურის სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლებისა, “დემოგრაფიული აღორძინების ფონდის” წარმომადგენლები და დროებითი საზღვრისპირა ზოლიდან ჩამოსული ქართული და ოსური მოსახლეობა.
“დემოგრაფიული აღორძინების ფონდის” გამგეობის თავმჯდომარემ თამარ ჩიბურდანიძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ქართული და ოსური გენოფონდის დღევანდელი მონაცემები.“საქართველოში დემოგრაფიული პრობლემები შიდა კონფლიქტებით დაიწყო. ეს პრობლემები აღინიშნება როგორც ქართველ, ასევე ოს ერში. ფონდი აპირებს დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების კუთხით ითანამშრომლოს როგორც ოსებთან, ასევე აფხაზებთან.“ – განაცხადა მან.
შეხვედრის წამყვანებმა ნანა და დალი ლიხურითებმა წაიკითხეს რამდენიმე წლის წინ ვლადიკავკაზში საქართველოდან წასული ოსი ქალბატონის წერილი, რომელიც შემდეგი სიტყვებით მთავრდება: “დავივიწყოთ ის ტკივილიანი წლები და დავიწყოთ ახალი ურთიერთობები ძველი სიყვარულით”.
წამყვანებმა ასევე ისაუბრეს ქართველებს, ოსებსა და აფხაზებს შორის არსებული ურთიერთობების რეგულირებისთვის ხელოვნების ენის მნიშვნელობაზე.