kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

kutaisitoday.com-ის რუბრიკა ,,პროფესიის “ დღევანდელი სტუმარია ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე საბიბლიოთეკო დარგში, ქალბატონი რიტა წაქაძე, რომელიც 10 წლის მანძილზე პარალელურად კითხულობდა ლექციების კურსს ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტ ,,ლამპარში“.

პერიოდულად ბეჭდავს წერილებს სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალებში, ასევე გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო სტატია, რომლებიც ეხება ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის დაარსების ისტორიას.
ფლობს საერთაშორისო სერთიფიკატებს საბიბლიოთეკო დარგში. ამავე სფეროში განხორციელებული აქვს მრავალი ინოვაციური პროექტი. არის ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ბიბლიოთეკის სამეცნიერო კრებულ ,,წელიწადეულის“ პასუხისმგებელი მდივანი. არის რამდენიმე დოკუმენტური ფილმის სცენარის ავტორი.

2005 წელს მიღებული აქვს კულტურის სამინისტროსა და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის საპატიო სიგელი საბიბლიოთეკო დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და პროფესიისადმი ერთგულებისათვის.

1.რა პროფესიის ბრძანდებით ?

განათლებით ფილოლოგი ვარ, თუმცა ამჟამად ჩემი პროფესიაა ბიბლიოთეკათმცოდნე.

2.რამ გადაგაწყვეტინათ აგერჩიათ აღნიშნული პროფესია და რა იყო ამის მიზეზი?

ბიბლიოთეკარობა ნამდვილად არ იყო ჩემი ოცნება და სურვილი. ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, დროებით დავიწყე მუშაობა ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში, შემდეგ იყო 90-იანი წლების სიმძიმე, უამრავი ყოფითი პრობლემა… ასე დავრჩი ბიბლიოთეკაში, მაგრამ როცა გავაცნობიერე, რომ ვრჩებოდი ამ სისტემაში, საფუძვლიანად და სერიოზულად შევუდექი საბიბლიოთეკო საქმის შესწავლას. თუმცა სავსებით არც ფილოლოგია მიმიტოვებია, ყოველთვის ვადევნებ თვალს ლიტერატურულ პროცესებს და შეძლებისდაგვარად ჩართულიც ვარ მასში. ბოლო პერიოდში მეცნიერებაშიც მოვსინჯე ძალები და შევუდექი ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის ისტორიის კვლევას.

3. როგორ ავირჩიოთ სასურველი პროფესია?

ვფიქრობ, პროფესია არის ადამიანის სულის მდგომარეობა, ამიტომ მისი არჩევისას ადამიანი აუცილებლად უნდა მიჰყვეს საკუთარ შინაგან ხმას, თუმცა ყოფიერება ყოველთვის არ იძლევა საშუალებას აკეთო საყვარელი საქმე. ზოგჯერ ადამიანი იძულებულია დაკავდეს ისეთი საქმით, რაც მას არანაირ სიამოვნებას არ ანიჭებს, მაგრამ სანაცვლოდ ფინანსურად უზრუნველყოფილია.

4.რომ გქონდეთ შანსი დრო უკან დააბრუნოთ, შეცვლიდით თუ არა პროფესიას და რატომ?

აუცილებლად შევიცვლიდი პროფესიას და ავისრულებდი ჩემს მარადიულ ოცნებას-გავხდებოდი ბალეტის მოცეკვავე.

5. რა არის თქვენი წარმატების ფორმულა?

.ჩემი წარმატების ფორმულაა: ორიენტირება ეროვნულ ღირებულებებზე + უკომპრომისობა. მიმაჩნია, რომ ნებისმიერ ადამიანს თავის საქმიანობაში უნდა ჰქონდეს სახელმწიფოებრივი მიდგომა, იგი უნდა ფიქრობდეს ქვეყნის წინსვლასა და წარმატებაზე და წარმატებას არ უნდა განიხილავდეს მხოლოდ პირადულ ჭრილში.

6. რა აუცილებელი ეტაპები უნდა გაიაროს მოზარდმა სწორი პროფესიული არჩევანის გასაკეთებლად?

მგონი, ასეთი კონკრეტული ეტაპები არ არსებობს. მე მაინც ღრმად მჯერა, რომ პროფესიის არჩევისას, თუკი ადამიანს საყვარელი საქმის და არა ფულის კეთება უნდა, შინაგან ხმას, სულის ძახილს უნდა მიჰყვეს.

7. რა როლი ეკისრება სკოლას მოზარდის პროფესიულ არჩევანში? რისი გაკეთება შეუძლია მას მოზარდის არჩევანისთვის მოსამზადებლად?

სკოლას უდიდესი მისია აკისრია. ზოგადად განათლების სისტემა უნდა ახერხებდეს დაანახოს მოზარდს სწორი ცხოვრებისეული ორიენტირები, ასწავლოს მათი დაფასება და პატივისცემა, ხოლო მათგან რომლის სამსახურში ყოფნას აირჩევს მოზარდი, ეს უკვე მის სულიერებაზეა დამოკიდებული.

8. – რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მშობელს, საზოგადოდ, ოჯახს, მოზარდის პროფესიულ არჩევანზე და როგორი იქნება ამ შემთხვევაში მშობლის ჩართულობის საუკეთესო სტრატეგია?

მშობელს უდიდესი გავლენა (როგორც დადებითი, ისე უარყოფითი) შეუძლია მოახდინოს შვილის პროფესიულ არჩევანზე არა მარტო ქმედებით, არამედ საკუთარი ცხოვრების წესით. ვფიქრობ, მშობლის ჩართულობა ამ საკითხში რჩევის იქით არ უნდა მიდიოდეს და გადაწყვეტილება თვითონ ბავშვმა უნდა მიიღოს. არაერთი მაგალითი ვიცით, როცა მშობლის ზეწოლის გამო გაკეთებული არჩევანი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მაინც შეცვლილა, თუმცა ისეთი შემთხვევებიც ბევრია, როცა მოზარდი მოგვიანებით ხვდება, რომ მშობელი სწორი იყო და არ დაუჯერა.

9. აპირებთ თუ არა სწავლის გაგრძელებას, სად და რა განხრით?

სწავლის გაგრძელებას აღარ ვაპირებ, თუმცა მუდმივად ვზრუნავ პიროვნულ განვითარებაზე, ყოველთვის ვფლობ ინფორმაციას საბიბლიოთეკო დარგში მიმდინარე ტენდენციებზე.

10. მიგაჩნიათ თუ არა,რომ თეორიული ცოდნის პარალელურად უნდა შეიძინოთ პრაქტიკული უნარ- ჩვევები და არა შემდეგ ეტაპზე?

ვფიქრობ, საუკეთესო ვარიანტია, როცა თეორიული ცოდნის პარალელურად ეუფლები პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, თუმცა შემდგომ ეტაპზე შეიძინო უნარ-ჩვევები, სულაც არ ნიშნავს, რომ წარმატებას ვერ მიაღწევ.