kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

შეიარაღებული გარჩევა პროკურატურის მაღალჩინოსანსა და თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ასეულის მეთაურს შორის -“კურიერის” ექსკლუზიური ინფორმაციით შეიარაღებული თავდასხმა წყალტუბოში, შანიძის ქუჩაზე, გვიან ღამით, თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ასეულის მეთაურის გიორგი მეტრეველის სახლთან მოხდა. სამხედრო მაღალჩინოსანი ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი ორჯერ ესროლეს. როგორც “კურიერს” სანდრო წყარო უყვება, დაზვერვის ასეულის მეთაურს, ღამით სახლში დასავლეთ საქართველოს პროკურატურის განყოფილების უფროსი გივი შენგელია მიუვარდა, რომელმაც მას ჯერ სცემა და შემდეგ ესროლა.

ინციდენტს მეტრეველის მეუღლე ესწრებოდა. დაზარალებული გიორგი მეტრეველი ამ დროისათვის მკურნალობას სახლის პირობებში აგრძელებს. ინციდენტის შედეგად მას თავის არეში ნახეთქი ჭრილობები, სახეზე კი მრავლობითი დაჟეჟილობები აღენიშნებოდა. პროკურორის თავდასხმის გამო, მეტრეველს მარჯვენა ხელის ცერა თითიც მოტეხილი აქვს.

პროკურორის მიერ ჩადენილ დანაშაულს პროკურატურის გენერალური ინსპექცია იძიებს. საქმეში ფიგურირებს “ბერეტას” ტიპის იარაღი. პროკურატურაში ფაქტს ადასტურებენ, თავდაცვის სამინისტრიოში კი მომხდარს უარყოფენ. მომხდარიდან 3 დღის შემდეგ, პროკურორი გივი შენგელია დაკავებული არ არის.


საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადება

საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობს გამოძიება პროკურორ გ.შ.-ს მიერ მოქალაქე გ.მ.-ს სხეულის დაზიანების ფაქტზე.

გამოძიებით დადგენილია, რომ 2018 წლის 24 აგვისტოს ქ.წყალტუბოში გ.შ-მ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე გ.მ.-ს, რა დროსაც გ.შ.-მ ასევე მოახდინა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე უმისამართო გასროლა. კონფლიქტის შედეგად გ.მ.-მ მიიღო სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება.

საქართველოს მთავარი პროკურორის 2018 წლის 27 აგვისტოს ბრძანებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გ.შ. გადაყენებულია დაკავებული თანამდებობიდან.

გ.შ.-ს მიერ დანაშაულის ჩადენის დამტკიცების შემთხვევაში, ფაქტს მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და გატარდება კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება. ამის გარდა, საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობს სამსახურებრივი შემოწმება პროკურორისთვის შეუფერებელი საქციელის ჩადენის ფაქტზე.